ქართული (Georgian) English

წინანდალი

მიკროზონა მდებარეობს თელავის რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. ტერიტორია მოიცავს ერთის მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში. ზონაში შედის სოფლები: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა, 2300 საათს აღემატება. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: ლიოსისებური, კარბონატული, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური წარმოშობის თიხნარი და ღორღიანი ნაფენები. ვაზის კვირტის გაშლა (რქაწითელი, საფერავი, კაბერნე) აპრილის შუა რიცხვებიდან, ხოლო სიმწიფე აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყება. ხარისხოვანი ევროპული ტიპის ღვინის დასამზადებლად ყურძენი სექტემბერის ბოლო რიცხვებში უნდა დაიკრიფოს.

,,წინანდალის" მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს 653 ჰა. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე.

ჩვენი AOC ღვინო ,,წინანდალი" მზადდება რქაწითელის და მწვანეს ჯიშის ყურძნიდან.

ვაზისუბანი

მიკროზონა მდებაროებს შიდა კახეთში, გურჯაანის რაიონში, მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი. კლიმატი ზომიერად ნოტიოა – ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ნალექის ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა აღემატება 2180 საათს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1610 საათს აღწევს. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: ტყის ყავისფერი, მდელოს ყავისფერი და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები.

"ვაზისუბნის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 62 კმ2. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშებია, რქაწითელი და მწვანე.

“თბილღვინოში” ვაზისუბნის რქაწითლიდან მზადდება AOC ღვინო „ვაზისუბანი“.

მუკუზანი

მუკუზნის მიკროზონა მდებაროებს შიდა კახეთში, გურჯაანის რაიონის მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლის ფარგლებში. მიკროზონა მოიცავს: დედოფლის ზვარის, ფაფრის მინდვრების, დამარჩინეს, ნადარბაზევის, სოფ. ზეგაანის, მუკუზანის ტერიტორიებს მთლიანად, ჩუმლაყის, ველისციხისა და ვაზისუბნის ტერიტორიების ნაწილს. ძირითადად ესაა სუსტად დახრილი ფერდობები, გავაკებები და შლეიფები. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათის საზღვრებში მერყეობს. სავეგეტაციო პერიოდში მზე საშუალოდ 1600 საათის განმავლობაში ანათებს. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: კარბონატული და ლიოსისებური თიხები, ხირხატიან-ალუვიური ნაფენები. საფერავის კვირტის გაშლა აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფე აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება. ყურძნის ტექნიკური მომწიფება სექტემბრის ბოლოს ხდება.

,,მუკუზნის" მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 246 ჰას. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია საფერავი.

ჩვენს საწარმოში მუკუზნის საფერავიდან ისხმება AOC ღვინო „მუკუზანი“, ასევე მუკუზანი “განსაკუთრებული მარაგი”, “საფერავი” და “საფერავი – განსაკუთრებული მარაგი”.

ნაფარეული

პეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახე ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში. სავენახე ფართობები ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლის საზღვრებში იცვლება. იგი მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური. ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს, ცის თაღის მეტი მოღრუბლულობის შედეგად, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მდინარის მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ნაკლებია და 2050 საათს უდრის. ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500 საათს არ აღემატება. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: დანალექი ქანები, რომელიც ძირითადად შედგება მდინარე ალაზნისა და მისი შენაკადი მდინარეების ლოპოტისა და სტორის მიერ ჩამოტანილი რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-სილნარი ნაფენებისაგან.
"ნაფარეულის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 52 კმ2. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია საფერავი და რქაწითელი.

აქაური საფერავიდან “თბილღვინო” AOC ღვინო „ნაფარეულს“ ასხამს. ნაფარეულის ღვინომასალები ასევე გამოიყენება “საფერავშიც”.

ქინძმარაული

ღვინო ,,ქინძმარაულის" მიკროზონა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში. ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ. სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). დასავლეთის მიმართულებით ზონა მოიცავს სოფლებს: შილდას, ენისელს, საბუეს, ალმატს, გრემს და შაქრიანს. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურს, სანავარდოს, კუჭატანს, წიწკანაანთ სერს, ჩანტლის ყურს, ზინობიანს, ახალსოფელს, თხილის წყაროს, მთის ძირს, ჭიკაანს ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით. მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ალუვიური ნიადაგების ორი სახეობა, ცხრა სახესხვაობით და დელუვიური ნიადაგების ორი სახეობა ხუთი სახესხვაობით. ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფის დაწყება კი აგვისტოს მეორე ნახევარში აღინიშნება (20.VIII-დან). ყურძნის ტექნიკურად მომწიფება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ხდება. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაიკროფოს.

ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით - 1633 ჰა-ს. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია საფერავი.

ჩვენს საწარმოში AOC ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“-ს გარდა აქაურ საფერავს ვიყენებთ “საფერავში” და სხვა სუფრის თუ მხარის ღვინოებში.

ახაშენი

ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, “ფაფრის მინდვრების” მასივს. მიკროზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. დიდი მნიშვნელობა აქვს მდ. ალაზნის ხეობის მიმართულებას. ახაშენის მიკროზონაში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150 – 2200 საათის საზღვრებში მერყეობს. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1600 საათის განმავლობაში ანათებს. მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია რენძინო-ყავისფერი ნიადაგების ორი, ალუვიური ნიადაგების ორი და დელუვიური ნიადაგის ერთი სახესხვაობა. საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობას მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში იწყებს. ყურძნის ტექნიკური მომწიფება სექტემბრის ბოლოს ხდება.

“ახაშენის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 112 ჰას. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია საფერავი.

ახაშნური საფერავიდან “თბილღვინოს” საწარმოში მზადდება AOC ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“.

ტვიში

“ტვიშის” მიკროზონა მდებარებს ლეჩხუმში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. ზონა მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას. ხასიათება ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900-2000 საათის, სავეგეტაციო პერიოდში კი 1400-1500 სთ-ის ფარგლებშია. "ტვიშის” ზონაში ძირითადად წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები.

ყველაზე გავრცელებული ჯიშია ცოლიკოური, საიდანაც “თბილღვინო” ასხამს AOC ნახევრადტკბილ ღვინო “ტვიშს”.

ხვანჭკარა

,,ხვანჭკარის" მიკროზონა მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, მდინარე რიონის ხეობაში, მარჯვენა სანაპიროზე (35-40 კმ მანძილზე). სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ვენახები გვხვდება აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე. მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ხვანჭკარის მიკროზონაში კლიმატი საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900-2000 სთ-ის ფარგლებშია. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1400 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ანათებს. ალექსანდროული და მუჯურეთული კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან, ყვავილობას ივნისის პირველ დეკადაში, ხოლო ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს II დეკადის დასასრულიდან იწყებენ. ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში სექტემბრის დასასრულს შედის, ხოლო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენს ოქტომბრის მეორე ნახევარში კრეფენ. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები.

ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშებია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა და სხვ. ,,ხვანჭკარის" მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% ე. ი. დაახლოებით 360 ჰა. მიკროზონა ასევე განთქმულია მშრალი წითელი და თეთრი ღვინოებით.

ჩვენი საწარმო ხვანჭკარაში დაკრეფილი ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან ამზადებს AOC ნახევრადტკბილ ღვინო „ხვანჭკარას“.

ორბელი

აქ ყველაზე გვიანი რთველი გვაქვს. სოფელ ორბელში “თბილღვინო” ორბელური ოჯალეშის მოსავალს იღებს ხოლმე, საიდანაც ძალზე დახვეწილი, არომატული ნახევრადტკბილი ღვინო დგება.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009